რეგიონი
დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსული მედია
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით : ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4.30%-ი მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა - ხმების 3.80%-ი, ლეონიდ სლუცკიმ - 3.17%-ი. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა.

პუტინმა რუსეთის ყველა მოქალაქეს მადლობა გადაუხადა და მიმართა: ,,ჩვენ ყველანი ერთი გუნდი ვართ... მოხარული ვარ, რომ დღეს საღამოს ჩემს თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებთან ერთად ვარ".

მან ასევე თქვა, რომ ,,რუსეთის შემდგომი წინსვლისთვის პირობები არსებობს, რის შედეგადაც ქვეყანა უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება". მისივე თქმით, "გეგმები გრანდიოზულია და მათ შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება".

საპრეზიდენტო არჩევნები პუტინის საწინააღმდეგო აქციების, სახელწოდებით: "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრაციები გაიმართა როგორც რუსეთის ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ. ასევე, რუსეთის ბევრ ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს.
| Print |