რეგიონი
ვლადიმერ პუტინის ,,სამხედრო მობილიზაცია"
რუსეთი საქართველოს უშუალო სიახლოვეს, ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში "უპრეცედენტო მოცულობის" არმიის შეყვანას იწყებს, საუბარია დამატებით ორ დივიზიაზე, რომლებიც თანამედროვე სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი იქნება, ასევე იგეგმება სამხედრო ქალაქების აშენება და ეს ყველაფერი მზად 2018 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ძალების დანიშნულება "რეგიონში ნატო-ს მხრიდან საფრთხეების შეკავება იქნება".

ქართულ სამხედრო წრეებში აცხადებენ, რომ, ვლადიმირ პუტინის მეოთხე გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ ახალი პროვოკაციებისა და სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა უფრო და უფრო იზრდება.საფრთხე რეალურია და ეს აშკარად ბევრ რამეში ჩანს. არა მარტო იმით, რომ მოსკოვმა უკვე საკმაოდ მოუხშირა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე მუქარანარევი განცხადებების გაკეთებას თუ არმიის გაძლიერებას, არამედ კონკრეტულად იმით, რომ არმიის უპრეცედენტო მოცულობის ფორმირება ხდება უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, პუტინმა პრეზიდენტობის ახალი ვადის მეორე დღესვე პირველი, რაც გააკეთა იყო, რომ რეზერვისტთა ორთვიანი მობილიზაცია გამოაცხადა და ეს - "სამხედრო მობილიზაცია" არის მისი მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ ის მზადაა სამხედრო თავდასხმებისთვის.

"რეზერვისტების გაწვევით, ფაქტობრივად, ფარული მობილიზაცია გამოაცხადა. ასევე, მან დაიწყო დამატებითი დივიზიების, ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის შენაერთების შექმნა. ის უბრუნდება საბჭოთა შეტევითი ტიპის დოქტრინალურ პრინციპს. რუსეთი დამატებით 2 დივიზიას ქმნის კავკასიის რეგიონში, სამხრეთის ფედერალურ სამხედრო ოლქში და ორივე დივიზია საქართველოს უშუალო სიახლოვეს იქნება განლაგებული, საიდანაც ისინი განახორციელებენ შეტევით ოპერაციებს.

დივიზიაში 10 000 სამხედროა. ორი დივიზია ნიშნავს 20 000 დამატებით სამხედროს ჩვენი ქვეყნის სიახლოვეს. პლუს, კიდევ აქვეა 58-ე არმია, რომელშიც 2 დივიზია შედის. ეს საკმაოდ სერიოზული გააქტიურებაა და საქართველოს წინააღმდეგ საფრთხე რეალურია.

თუ საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს, მედვედევის ბრძანების შემდეგ, რუსეთს ძალების მობილიზაციისა და შეტევისთვის რამდენიმე დღე დასჭირდა, ახლა ამ შენაერთების შექმნით პუტინს თავდასხმაზე ბრძანების გაცემის შემდეგ მხოლოდ 2-3 საათი დასჭირდება შეტევისთვის", - აცხადებს მაისაია.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კავკასიაში უპრეცედენტო მოცულობის არმია შეჰყავს და აძლიერებს ქვეყნის სამხრეთში მთავარ დამრტყმელ ძალას - 58-ე არმიას. იქმნება 2 მოტომსროლელი დივიზია, რომელიც უახლესი სამხედრო ტექნიკით აღიჭურვება. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ბმპ-3-ისა და ტ-72ბ3-ის ტიპის უახლესი ტექნოლოგიის ტანკებიც იქნება, რომლებიც წინა ვერსიებისგან გაძლიერებული ჯავშანდაფარვითა და უფრო მძლავრი ძრავათი განსხვავდება.

არმის ნაწილი შეყვანილია კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში, იგეგმება ახალი სამხედრო ქალაქის აშენება მოზდოკსა და ვლადიკავკაზში. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ახალი დივიზიები 58-ე არმიის შემადგენლობაში მე-19 და 131-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადების ბაზაზე ჩამოყალიბდება, შემდგომში კი მათ დამატებით ბატალიონებსა და პოლკებს შემატებენ.

რუსული მედიის ცნობით, ეს ყველაფერი 2018 წლის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება და რუსეთი ამგვარად აყალიბებს ძალებს, რომელთა დანიშნულება "რეგიონში ნატო-ს მხრიდან საფრთხეების შეკავება იქნება".

წყარო: რეზონანსი
| Print |