დღის ფრაზა
"რუსეთმა ჩვენთანაც მოაწერა ხელი ჯარების გაყვანას და არ გაიყვანა" - პაატა ზაქარეიშვილი
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფასებს. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკან გადადგმული ნაბიჯი მკაფიოა, თუმცა მისი ნდობა არ შეიძლება. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს უბრალოდ მანევრი იყოს. კონფლიქტოლოგის თქმით, დღეს რუსეთმა აღიარა, რომ მისი სტრატეგია არასწორი იყო.
"დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უაღრესად დადებითად ვაფასებ თუ შესრულდა. რუსეთმა ჩვენთანაც მოაწერა ხელი ჯარების გაყვანას და არ გაიყვანა. ძალიან კარგია ეს შეთანხმებები და პირველ რიგში რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს. აშკარად გამოკვეთილია უკრაინის წარმატება და მკაფიოდ გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ ვიცნობთ ჩვენ რუსეთის პოლიტიკას პუტინის ხელმძღვანელობით და გამორიცხული არ არის ეს იყოს მანევრი და კიდევ რაიმე დააბრალოს უკრაინას არ ასრულებენო. ვამბობდი, რომ ყირიმზე და დონეცკზე ლაპარაკი იქნებოდა წლების განმავლობაში და ზუსტად ასე დაჯდა, ანუ წლების განმავლობაში ამას მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაიტანენ, ძალიან კარგია, უნდა შესრულდეს ეს ყველაფერი. რუსეთმა, რაც ქაღალდზე წერია იმით, უკან დაიხია, მაგრამ რეალურად რამდენად დაიხევს უკან ეს სხვა საკითხია. მე მოლოდინი მაქვს, რომ გაიწელება სიტუაცია და რუსეთი დროს გაწელავს. დრო გვაჩვენებს, მაგრამ რუსეთმა აღიარა, რომ მისი სტრატეგია არასწორი იყო და რჩება ის, რაც ჰქონდა - ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი, ის, რაც აქამდე ჰქონდა და ტყუილად ჩახოცა როგორც თავისი ხალხი, ისე უკრაინელი ხალხი. შედეგი არის მხოლოდ ის, რომ დაიხოცა ხალხი და უკრაინამ უარი უთხრა ნატოს, როცა ისედაც უარს ამბობდა ნატოზე, ამ საშინელი შედეგის გარეშე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა "ინტერნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში დღეს, 29 მარტს გაიმართა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :