გასულ წელს ევროკავშირიდან უნებართვოდ მცხოვრები 4 ათასზე მეტი პირი დააბრუნეს
2024 წელს რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 4 173 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში რეადმისიის სულ 4 196 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 23-ზე გაიცა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 2 543 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (710); საბერძნეთი (201); იტალია (92); პოლონეთი (91); ირლანდია (66); ესპანეთი (58); შვეიცარია (42) და ა.შ.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში დაბრუნებულებიდან 1 048 არასრულწლოვანი იყო.
რაც შეეხება 2023 წლის სრულ სტატისტიკას, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 4 343 პირზე გაიცა, უარი კი 22-ს ეთქვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.