შოკოლადის ფასი გაიზრდება
ვალენტინობის დღისთვის ფასები შოკოლადის პროდუქტებზე, 2024 წლის 14 თებერვალთან შედარებით, 10%-დან 20%-მდე გაიზრდება, რაც კაკაოს ღირებულების ზრდას უკავშირდება.
ამის შესახებ Wells Fargo Agri-Food Institute-ის პროგნოზში წერია, რასაც CNN ავრცელებს.
კაკაოს დეკემბრის ფასმა ტონაზე 12,646 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ფასზე გავლენა მოახდინა მრავალწლიანმა უამინდობამ დასავლეთ აფრიკაში და მცენარეთა დაავადებებმა, რის შედეგადაც შოკოლადის წარმოების ღირებულება ორ წელიწადში 167%-ზე მეტად გაიზარდა.
საცალო მოვაჭრეებმა საპასუხოდ შოკოლადის ფასები გაზარდეს. კერძოდ, შვეიცარიული კომპანია Lindt-ის განცხადებით, გასული წელი რთული იყო, რადგან ის კაკაოს რეკორდულად მაღალი დანახარჯებით გამოირჩეოდა. კომპანიამ ფასების გაზარდა და მოელის, რომ ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება. მაგალითად, 161,6-გრამიანი შოკოლადის ტრიუფელი, Lindt Valentine's heart-ი 21,99 დოლარი ღირს.
თუმცა მეორე კომპანია Hershey's-ში აცხადებენ, რომ კაკაო წინასწარ, თითქმის, ერთი წლით ადრე შეიძინეს, ამიტომ ვალენტინობის დღეს მისი პროდუქციის ფასი კაკაოს დღევანდელი ფასისგან განსხვავებული არ იქნება. Hershey's-ის 454-გრამიანი შოკოლადის ფილა 14,99 დოლარი ღირს.
მაღალი ხარისხის შოკოლადის პროდუქტები კაკაოს მეტ პროცენტს შეიცავს, თუმცა, Wells Fargo Agri-Food Institute-ის შეფასებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, ფასების ზრდა კაკაოს ფხვნილისგან დამზადებული შოკოლადის არჩევით აირიდონ.
გასულ წელს კაკაოს ფიუჩერსები დასავლეთ აფრიკაში უამინდობის გამო 143%-ით გაიზარდა.