ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფარგლებში საქართველოს მიმართ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ საბაზისო 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს.
დონალდ ტრამპი აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იან ტარიფს და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იან ტარიფს აანონსებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს, ხოლო ქვეყნებს, რომლებთანაც აშშ-ს უფრო დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს - უფრო მაღალი ტარიფები დაუწესდებათ.
დაახლოებით 60 ქვეყანას, რომლებსაც, ტრამპის თქმით, ამერიკულ საქონელზე ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ დაწესებული (მათ შორის ვალუტის მანიპულაციებით და სავაჭრო ბარიერებით), აშშ-ის მხრიდან დაახლოებით განახევრებული ტარიფები დაუწესდებათ მათ ტარიფებთან შედარებით.
მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს ამერიკულ საქონელზე 67%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, ხოლო აშშ-ის მხრიდან ჩინეთს 34%-იანი ტარიფი დაუწესდება.
ჩინეთზე 34%-იანი ტარიფი დაწესდება. ევროკავშირზე - 20%, ვიეტნამზე - 46%, ტაივანზე - 32%, იაპონიაზე - 24%, ინდოეთზე - 26%, სამხრეთ კორეაზე - 25%, ტაილანდზე - 36%, შვეიცარიაზე - 31%, ინდონეზიაზე - 32%, მალაიზიაზე - 24%, დიდ ბრიტანეთზე - 10%, ისრაელზე - 17%, სამხრეთ აფრიკაზე - 30%.
საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში.