სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიცვალა
გიორგი ბუხრაშვილი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა გრიგოლ ბესელიამ 4 აპრილს დატოვა.
"ტვ პირველი" 2021 წელს წერდა, რომ გიორგი ბუხრაშვილი, იმჟამად ნაძალადევის პოლიციის უფროსი, მონაწილეობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში. მათივე ცნობით, გიორგი ბუხრაშვილი უწყებაში ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროიდან მუშაობს.
შსს-ს პრესცენტრში ამბობენ, რომ ცვლილების საფუძველი როტაციაა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად”, - განუცხადეს შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას.