მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა მაღალი ფასები და უმუშევრობაა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მოსახლეობის განწყობების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
მათი ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2025 წლის 18-30 იანვარს ჩატარდა. კვლევის შედეგები ასახავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის განწყობებსა და დამოკიდებულებებს საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ.
ცნობისთვის, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
კერძოდ, გამოკითხულთა 46.5% ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე უფრო მწვავე პრობლემად მაღალ ფასებს ასახელებს, 42.1% კი - უმუშევრობას. გამოკითხვის თანახმად,. სიმწვავით გამოირჩევა ასევე ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
ქართველების ემიგრაცია - 21%;
ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება - 18%;
სიღარიბე - 16.4%;
უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები - 15.5%;
კრიმინალი და დაუცველობა - 15.4%.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.