წიწვოვანი მცენარეების მოპოვება-რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება.
დეპარტამენტის ცნობით, წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.