სამართალი
დაბა ბაკურიანში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.
„ნებისმიერი სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე ახორციელებენ. გამოვლენილი რიგი კანონდარღვევების მონიტორინგს ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებით და დრონების საშუალებითაც ვახორციელებთ, რაც უკანონო სარგებლობის დროულად გამოვლენას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
Տարածեք :