მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ცოტა პენსია საქართველოშია
საქართველო პენსიის სიმცირით მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი აუტსაიდერია. კერძოდ, საქართველოში საშუალო ასაკობრივი პენსია დღევანდელი კურსით დაახლოებით 124 დოლარს შეადგენს, სომხეთში - 125 დოლარს. აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში კი 200-300 დოლარს კი აღემატება.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 35 ლარით გაიზარდა და განისაზღვრა 350 ლარის ოდენობით (დღევანდელი კურსით დაახლოებით 124 დოლარი), ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პენსიონერები 420 ლარს (149 დოლარი) იღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარს (დღევანდელი კურსით 159 დოლარი) შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს (191 დოლარი) გაუტოლდა.
სომხეთში საპენსიო ასაკი სამუშაო გამოცდილების მქონეთათვის 63 წელი, ხოლო სამუშაო გამოცდილების გარეშე 65 წელია. ეს მაჩვენებლები ათწლეულების განმავლობაში უცვლელი რჩება. ქვეყანაში საპენსიო ასაკის გაზრდის პროგნოზი არ არსებობს. 2024 წლის მდგომარეობით, საშუალო პენსია, დაახლოებით, 50,000 დრამია (125 დოლარია).
აზერბაიჯანში 2024 წლის ბოლოსთვის შრომითი პენსიის საშუალო ოდენობა 494 მანათი (291 დოლარი), ხოლო საშუალო ასაკობრივი პენსია 527 მანათი (310 დოლარი) გახდა. 2025 წელს საშუალო ასაკობრივი პენსია 569 მანათამდე (335 დოლარამდე) გაიზრდება, რაც 2024 წლის ბოლო მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
რუსეთში საშუალო პენსია 2025 წელს, დაახლოებით, 24 ათასი რუბლი (238 დოლარი) გახდა. ამასთან, არასამუშაო პენსიონერის პენსიის ზომა დაკარგული შემოსავლის, მინიმუმ, 40%-ით არის პროგნოზირებული. კერძოდ, თუ საშუალო ხელფასი 2025 წელს 80 ათას რუბლს (762 დოლარს) მიაღწევს, საშუალო პენსია, დაახლოებით, 32 ათასი რუბლი (305 დოლარი) გახდება.
თურქეთის ხელისუფლებამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკის მოქალაქეების მინიმალური პენსია მინიმალურ ხელფასზე, ანუ 10,315 ლირაზე (292 დოლარზე) დაბალი არ უნდა იყოს. 2025 წლამდე თურქეთში მინიმალური პენსია 7,500 ლირა (212 დოლარი) იყო. ქვეყანაში მაქსიმალური პენსია 25,000 ლირაა (707 დოლარია). ასეთ პენსიას, როგორც წესი, სამთავრობო სექტორში მომუშავე პენსიონერები იღებენ, როგორიც არის მერები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, მინისტრები და ა.შ. ამასთან, დოქტორის ხარისხის მქონე თურქეთის მოქალაქეების საშუალო პენსია 18,000 ლირაა (509 დოლარია).