სიახლეები
როდის გვჭირდება საგადასახადო აუდიტი
ბიზნესის ფინანსური სტაბილურობა და მშვიდი ოპერირება დიდწილად საგადასახადო შესაბამისობაზეა დამოკიდებული. დეკლარაციების დროულად წარდგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი ყოველთვის არაა. ხშირად რისკები სწორედ მაშინ ჩნდება, როცა მონაცემები ფორმალურად სწორია, მაგრამ ბუღალტრულ აღრიცხვასა და საგადასახადო წესებს შორის შეუსაბამობაა.
საგადასახადო აუდიტი არის ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიას რისკების განსაზღვრასა და ფინანსური უსაფრთხოების დაცვაში ეხმარება. ეს მეტად საპასუხისმგებლო საკითხია, რომელსაც გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი სჭირდება, რაც კომპანიებისთვის დიდ ფინანსურ ხარჯთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, აუთსორსინგს მიმართავენ და თანამშრომლობენ ისეთ სანდო კომპანიებთან, როგორიცაა Loialte, რომელიც საგადასახადო აუდიტის სრულყოფილ მომსახურებას გთავაზობთ.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, როდის სჭირდება კომპანიას საგადასახადო აუდიტი.
რას ნიშნავს საგადასახადო აუდიტი
საგადასახადო აუდიტი ნიშნავს, კონკრეტულ პერიოდში, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სისწორის შემოწმებას: დეკლარაციები, ბრუნვები, ხარჯების დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, ოპერაციების რეალობა, დღგ/მოგების/საშემოსავლო და სხვა გადასახადების გაანგარიშება.
მისი მიზანია:
- შესაძლო საგადასახადო დარღვევების/უზუსტობების გამოვლენა;
- რისკების შეფასება;
- რეკომენდაციები შეცდომების გამოსასწორებლად.
როდის გვჭირდება საგადასახადო აუდიტი ყველაზე მეტად
საგადასახადო აუდიტი ყოველთვის პრობლემის არსებობას არ ნიშნავს. ბევრი კომპანია მას იყენებს როგორც პრევენციულ მექანიზმს, რომელიც კომპანიას ეხმარება თავიდან აიცილოს შეცდომები, შეამციროს რისკები და ფინანსური პროცესები უფრო სტაბილური გახადოს. პრაქტიკაში არსებობს რამდენიმე ტიპური შემთხვევა, როცა აუდიტი განსაკუთრებით საჭიროა:
კომპანია იზრდება და ოპერაციები რთულდება: როდესაც ბრუნვა იზრდება, კონტრაქტორების რაოდენობა მატულობს და ტრანზაქციები მრავალფეროვანი ხდება, მნიშვნელოვნად იზრდება ტექნიკური შეცდომებისა და არასწორი კლასიფიკაციის რისკიც. ასეთ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო აღრიცხვა ზრდის ტემპს დაეწიოს და პროცესი გაკონტროლდეს.
დეკლარაციებში ხშირია კორექცია ან მონაცემების შეუსაბამობა: თუ კომპანიას ხშირად უწევს დეკლარაციების დაზუსტება, ან პერიოდულად იკვეთება აცდენა ბუღალტრულ მონაცემებსა და საბანკო ამონაწერებს შორის, ეს უკვე რისკ-სიგნალია. მსგავს შემთხვევებში აუდიტი დაგეხმარებათ მიზეზის აღმოჩენაში. გაიგებთ, პრობლემა დოკუმენტაციაშია, აღრიცხვის მიდგომაში თუ კონკრეტული ოპერაციების არასწორ ასახვაში.
გაქვთ დღგ-სთან დაკავშირებული პრობლემები: დღგ-ს დაბრუნება, იმპორტი/ექსპორტი, დიდი მოცულობის დღგ-იანი ოპერაციები და ზოგადად დღგ-სთან დაკავშირებული რთული კომბინაციები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ამ თემებში მცირე უზუსტობაც კი შეიძლება გადაიზარდოს დამატებით კითხვებსა და ფინანსურ რისკებში.
კომპანიაში იცვლება ბუღალტერი ან ფინანსური გუნდი: გადაბარების პერიოდში ხშირად იჩენს თავს ადრე დაგროვილი უზუსტობები: არასწორად კლასიფიცირებული ხარჯები, დოკუმენტების არასრული პაკეტი, ან დეკლარაციებთან შეუსაბამობა. აუდიტი ამ ცვლილებას უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ ატარებს.
გეგმავთ ინვესტორს, ბანკს ან პარტნიორს ფინანსური სურათი წარუდგინოთ: როდესაც მნიშვნელოვანია ფინანსური მონაცემების სანდოობა და გამჭვირვალობა, საგადასახადო აუდიტი ქმნის დამატებით ნდობას, ბიზნესს აქვს მკაფიო პასუხები რისკებზე და დოკუმენტურად გამყარებული პოზიცია.
მიიღეთ შეტყობინება შემოწმებაზე: თუ კომპანია ელოდება საგადასახადო შემოწმებას ან უკვე აქვს კონტროლის რისკის ნიშნები, პრევენციული აუდიტი განსაკუთრებით ეფექტურია. ამ დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მონაცემების სისწორე, არამედ მათი დასაბუთება: დოკუმენტაციის მოწესრიგება, განმარტებების მომზადება და პოზიციის მკაფიო ჩამოყალიბება.
რას მოიცავს ხარისხიანი საგადასახადო აუდიტი პრაქტიკაში
ხარისხიანი საგადასახადო აუდიტი მოიცავს კომპანიის საგადასახადო პოზიციების სისტემური გადამოწმებას , რომელიც ერთდროულად ამცირებს რისკებს და პროცესების გამართულობას აუმჯობესებს. როგორც წესი, ასეთი აუდიტი მოიცავს:
დეკლარაციების გადამოწმებას და ლოგიკური ჯაჭვის შეფასებას: მონაცემების თანხვედრას პერიოდებს შორის და იმის შემოწმებას, რამდენად სწორად აისახება ოპერაციები სხვადასხვა გადასახადში.
პირველადი დოკუმენტების წესრიგს: ხელშეკრულებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების სრულყოფილებასა და შესაბამისობას.
საბანკო ოპერაციების შეჯერებას აღრიცხვასთან: შემოსავლისა და ხარჯის გადამოწმებას საბანკო ამონაწერების მიხედვით, რათა გამოირიცხოს აცდენები და არასწორი ასახვა.
რისკების თანხობრივ შეფასებას: სად შეიძლება წარმოიშვას დარიცხვა, ჯარიმა ან საურავი და რა მასშტაბის ფინანსურ გავლენაზეა საუბარი.
რეკომენდაციებს გამოსწორებისა და პროცესების გაუმჯობესებისთვის: რა უნდა გამოსწორდეს სწრაფად, როგორ მოწესრიგდეს დოკუმენტაცია და როგორ შემცირდეს განმეორებითი შეცდომების რისკი.
საჭიროების შემთხვევაში, შემოწმებისთვის მზადებას: პოზიციების დასაბუთების, დოკუმენტების პაკეტების ფორმირებისა და კომუნიკაციის სწორი სტრატეგიის განსაზღვრას.
შეჯამება
საგადასახადო აუდიტი ბიზნესისთვის უსაფრთხოების გარანტია: გეხმარებათ რისკების დროულად აღმოჩენაში, დეკლარაციების სიზუსტის გადამოწმებაში, შეღავათების სწორ გამოყენებასა და საგადასახადო შემოწმების დროს.
თუ თქვენი კომპანია იზრდება, რთულ ტრანზაქციებში შედის, ხშირად აკეთებს კორექციებს, ან უკვე მიიღეთ შემოწმების შეტყობინება, საგადასახადო აუდიტი პრაქტიკულად ის ნაბიჯია, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ. (R)
Տարածեք :