აზერბაიჯანი ჩვენთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორია - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის, ბუნებრივია, პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ამ კუთხით ეკონომიკურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის და არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
პრესკონფერენციაზე კობახიძემ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მაქსიმალური წვლილის შეტანის თაობაზე ქართული მხარის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
„თქვენ ხართ გამორჩეული ლიდერი. სამაგალითოა ის, თუ როგორ ზრუნავთ აზერბაიჯანის და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა არის ყოველთვის განსაკუთრებული პატივი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის.
დღეს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომა. ეს იყო ნაყოფიერი, პროდუქტიული შეხვედრა. მე მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხარეს შეხვედრის მაღალი დონეზე ორგანიზებისთვის და ჩვენი დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის. ეს კომისია არის შესანიშნავი ფორმატი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.
ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ეს არის ტრადიციული, ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. სწორედ ამ ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც ჩვენი პარტნიორობა ამ სულისკვეთებით გაგრძელდება“ - განაცხადა კობახიძემ.
თავის მხრივ ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იქნება.
„პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე, „შუა დერეფნის“ პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ამ პროექტში მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სამეზობლოში სხვა ქვეყნებთან. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას. ვიცით, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა საქართველოსიც ფართოვდება, როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას.
ეს ძალისხმევა მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც. ძალიან ბევრის მიღწევა მოვახერხეთ, დეტალებში არ შევალ, ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში, ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებას მომავალში“, - აღნიშნა ალიევმა.