კრემლი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიცირებისთვის მზად არის - რუსული მედია
კრემლი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიცირებისთვის მზად არის.
ინფორმაციას რუსული Telegram-არხი “პოლიტსატირა” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, საქმის კარგად მცოდნე წყაროები ამბობენ, რომ ამ საკითხზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა „წლევანდელ შემოდგომაზე ადრე რაიმე კონკრეტული შედეგი მოსალოდნელი არ არის.“
ინსაიდერების ცნობით, „პირველ რიგში, შესაძლოა, მოსკოვში მმართველი პარტიის ქართველი დეპუტატების ვიზიტი შედგეს, რომლებთანაც მოლაპარაკებები სახელმწიფო სათათბიროს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე გაიმართება.”
“სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ ბევრი სენსიტიური საკითხია და უნდა გაირკვეს, თუ როგორ შედგეს გონივრული ურთიერთქმედება ასეთ პირობებში. ამის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენაზე შეიძლება საუბარი,“ - ციტირებს გამოცემა საგარეო უწყების წყაროს.
ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულმა წყაროებმა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა აცხადებენ, რომ “რუსეთი თბილისის ადეკვატურ, გაბედულ და სწორხაზოვან პოზიციას აფასებს.”