ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის სამშვიდობო გეგმას - კობახიძე რუსეთ-უკრაინის ომზე
"ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობა მხარს უჭერს შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით; მისი თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეაში აშშ-ის წარდგენილი რეზოლუცია „დიპ სტეიტის“ „ჩარევის გარეშე იყო მომზადებული“.
მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც, მისი სიტყვებით, „ასევე არის უკრაინის მხარდამჭერი“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მომართული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, საქართველო „600-ზე მეტ დოკუმენტს“ შეუერთდა უკრაინის მხარდასაჭერად.
23 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა უკრაინის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას. საქართველოს მისთვის მხარი არ დაუჭერია.
უკრაინულ-ევროპულ რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო:
მას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და თურქეთმა;
წინააღმდეგ წავიდა 18 ქვეყანა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები;
თავი შეიკავა 65-მა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა. ასევე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ;
საქართველომ საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე მოიქცა აზერბაიჯანიც.
რეზოლუციის სახელწოდებაა: „მივიწევთ სიღრმისეული, სამართლიანი და განგრძობადი მშვიდობისათვის უკრაინაში“.
რადიო თავისუფლების ცნობით, გენერალურ ასამბლეაზე წარდგენილი იყო ომთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც მხოლოდ სამ წინადადებას მოიცავდა, რუსეთს არ აკისრებდა პასუხისმგებლობას და გამოდიოდა ომის სწრაფი დასრულების მოწოდებით.
ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან შეტანილი შესწორებებით - დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში.
საბოლოოდ, აშშ-მა საკუთარ რეზოლუციას, რომელშიც შესწორებები შევიდა, მხარი არ დაუჭირა - თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან. მას მხარი არ დაუჭირა არც საქართველომ - თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან. რუსეთი წინააღმდეგ წავიდა. მოგვიანებით კენჭისყრა გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოზეც - აშშ-ის წარდგენილი იგივე რეზოლუცია უშიშროების საბჭომ დაამტკიცა.
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები, - რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხის გამო გაციებული იყო, - ამ პერიოდიდან კიდევ უფრო გართულდა, უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების ფონზე.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა განავითარეს შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელსაც „მეორე ფრონტის გახსნა“ და „საქართველოს ომში ჩათრევა“ სურს. უკრაინამ საქართველოდან თავისი ელჩი, იჰორ დოლჰოვი, 2022 წლის 2 მარტს გაიწვია და მას შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაბალ დონეზეა.
უკრაინის და საქართველოს მთავრობებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია დიდი ხანია შეწყვეტილია. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის პერიოდულად კონტაქტი აქვს სალომე ზურაბიშვილთან.