სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, ოფიციალური ვიზიტით, არტაანში იმყოფებოდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, არტაანის გუბერნატორის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით მეზობელი თურქეთის მოსაზღვრე რეგიონს ესტუმრა.
ვიზიტის მიზანი სამცხე-ჯავახეთსა და არტაანის გუბერნიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ერთობლივ ტრანსსასაზღვრო პროექტებზე მსჯელობა იყო.
არტაანის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან იბრაჰიმ ოზეფესთან გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა სასაზღვრო რეგიონებს შორის აქტიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მხრივ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმზე მხარეები მეზობელ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არტაანში მშენებარე სამთო-სათხილამურო ცენტრზე, სადაც ამ დროისთვის დასრულებულია ცენტრის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ ეტაპზე საბაგირო გზების მშენებლობა მიმდინარეობს. მათი თქმით, იმედია ცენტრი მომავალში, არა მარტო სათხილამურო, არამედ სამთო კურორტის მნიშვნელობასაც შეიძენს.
თავის მხრივ, მასპინძლებს ქართულმა მხარემაც საქართველოში და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმისა და სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოცდილება გააცნეს.
თურქული მხარის თხოვნით საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარების, საჭირო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი მომავალში ერთობლივი ტრანსსასაზღვრო პროექტის განსახორციელებლად.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა არტაანის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთიდან მიწვეულ სტუმრებს არტაანის უნივერსიტეტშიც უმასპინძლეს და იქ არსებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო რესურსები და პროგრამები გააცნეს.
საპასუხო ვიზიტით არტაანიის მხარის დელეგაცია სამცხე-ჯავახეთს ზაფხულში ეწვევა.