ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებს საჯაროდ განიხილავენ
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართება.
შეხვედრა მესხეთის თეატრის დარბაზში, 10 მაისს არის დაგეგმილი.
განხილვას დაესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. მიწვეულნი არიან ადგილობრივი საჯარო მოხელეები. შეხვედრას ახალცხე–ადიგენის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი გიორგი კოპაძეც დაესწრება.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საზოგადოებასთან შეხვედრების დროს, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად ისაუბრებენ.
"როცა პრეზიდენტს საშუალება ექნება, მონაწილეობას ყველა განხილვაში მიიღებს, რამდენიმე შეხვედრის გარდა, რომლის თაობაზეც დღესვე ვიცით, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებს და დაკავებულია. მოსახლეობას საშუალება ექნება, განსხვავებული პოზიციები მოისმინოს და დასკვნები თავად გამოიტანოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცვლილებების საჯარო განხილვა დღეს, 5 მაისს, ქუთაისიდან დაიწყება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ განხილვას დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო ვერ დაესწრება.