რა თანხა შევიდა ბიუჯეტში საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებიდან
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბიუჯეტის დაფინანსება შემცირდა. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ბიუჯეტში შემოსავალმა 163.009 მლნ ლარი შეადგინა, რაც 427 ათასი ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 163.436 მლნ ლარს შეადგენდა.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 419 ათასი ლარით შემცირებულია უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობაც. აღნიშნული თანხა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 8.348 მლნ ლარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8.767 მლნ ლარი.
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, წელს გრანტების საერთო მოცულობა 385 მლნ ლარით არის გაზრდილი და 1.626 მლრდ ლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც წინა წელს 1.241 მლრდ ლარს შეადგენდა. ეს კი სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებული დაფინანსების ხარჯზე მოხდა. უფრო დეტალურად, შარშან სხვა დონის სახელმწიფო გრანტებით ბიუჯეტში 1.069 მლრდ ლარი შევიდა, წელს კი 1.455 მლრდ ლარი.