კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკონტროლო პუნქტი კიდევ ორ ქალაქში - თელავსა და ახალციხეშიც მოეწყოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ქალაქის მსგავსი რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ეს ორი მუნიციპალიტეტი გახლავთ თელავი და ახალციხე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.