საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 7.5%-ით გაიზარდა და თითქმის 700 ათასს მიაღწია, იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.275 მლნ-ზე მეტია.
უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 696 359-ს შეადგენს, აქედან 465 026 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 231 333 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.
ამავე უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 647 479 ადამიანი იღებდა, აქედან 208 085 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, 439 394 კი მხოლოდ შემწეობას იღებდა.
ამასთან, იანვრის მდგომარეობით 1 275 118-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 215 483-ს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ დღეისათვის საქართველოში თითქმის ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.