ახალციხელ მოხალისეთა ჯგუფი გურიაში სტიქიისგან დაზარალებულთა დასახმარებლად მიდის
გურიაში სტიქიის შედეგად შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ახალციხეში მოხალისეთა ჯგუფი იქმნება. ადგილობრივები სტიქიის ზონაში წასვლას და მოსახლეობის დახმარებას გეგმავენ. ალექსი გრიგალაშვილი მთამსვლელებსა და ოფროუდერებს გაერთიანებისკენ და გურიაში წასვლისკენ მოუწოდებს.
,,ახალციხელო მეგობრებო, მოლაშქრეებო, მუხლმაგარო ვაჟკაცებო, გურიაში მოხალისედ თუ გსურთ ვინმეს წამოსვლა, დაგვჭირდება 2-3 მოხალისე შესაბამისი ზამთრის აღჭურვილობით და მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომ ადგილამდე ჩავაღწიოთ, სადაც შევუერთდებით დანარჩენ მოხალისეებს და სამაშველო სამსახურთან ერთად ჩავერთვებით სტიქიასთან ბრძოლაში" - წერს ალექსი.
ამბობს, რომ გურიაში წასვლის მსურველს პირველ რიგში პირადი უსაფრთხოებისთვის საჭირო თბილი ტანსაცმელი და აღჭურვილობა უნდა ჰქონდეთ, რათა თავად არ გახდნენ დასახმარებლები.
,,მე მაქვს აღჭურვილობაში თოვლზე სასიარულო ფეხსაცმელები - ე. წ. "თხილმარები" და ალპინისტური აღჭურვილობა საჭიროების მიხედვით. რამდენ ხანს გავრჩერდებით, დროის ხანგრძლივობას თავად სიტუაცია გვიჩვენებს ადგილზე რომ ჩავალთ. ადგილზე შექმნილია საინფორმაციო ჯგუფები ყველა მუნიციპალიტეტში და მათთან კომუნიკაციის საფუძველზე გადავწყვეტთ, სად იქნება საჭირო ჩვენი დახმარება. მანქანა არ გვყავს და თან ბიჭები სოფლებიდან უნდა ჩამოვიდნენ. ხვალ დილით წავალთ აუცილებლად. თბილისიდანაც მოდიან ჩვენები და ხაშურიდან გავყვებით თუ აქედანვე ვერ ვნახეთ ტრანსპორტი" - აღნიშნავს ალექსი და მოხალისეების შეერთებას დღის ბოლომდე ელოდება.
მეგობრებს, ოფროუდერებსა და მთამსვლელებს დღის ბოლომდე ელოდება მანუჩარ ჩაჩანიძეც.
,,ვისაც მანქანები მწყობრში გყავთ და მუხლი გიჭრით, ვაკეთებთ ჯგუფებს სტიქიასთან საბრძოლველად! მხოლოდ გამოცდილი ადამიანები იქნებიან საჭირო! გთხოვთ შემომეხმიანოთ და დავგეგმოთ ერთად სამაშველო მსვლელობა!" - წერს სოციალურ ქსელში მანუჩარ ჩაჩანიძე.
ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა - ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ახალგაზრდა მამაკაცი სახურავის წმენდისას დაშავდა და კლინიკაში არის გადაყვანილი. სოფელ შრომაში აღნიშნული ახალგაზრდის გადასარჩენად, მთელი ღამის განმავლობაში, მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.
რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ოპოზიციონერი ბაჩო ახალაძე წერს, რომ ,,საგანგაშო მდგომარეობაა. ადამიანები მოწყვეტილი არიან გარესამყაროს, ჩოხატაურის სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა. გადაადგილება შეუძლებელია. სოფლებში უმეტესობა ხანშიშესული ადამიანია. არიან ცუდად, ესაჭიროებათ მედიკამენტები და საკვები. ელექტროენერგია არ არის. ამ წუთის მდგომარეობით არაფერი არ არის გაწმენდილი. სახლების ნგრევის შემთხვევაც იყო. ასე თუ გაგრძელდა ნახევარზე მეტი სახლი ჩამოინგრევა. მეზობელთან გადასვლაც კი შეუძლებელია“.
დიდთოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც. შეფერხებულია ენერგომომარაგება. დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი.