ახალციხის მერია პეტრე იბერის #17–ში მდებარე შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს. მათ გამოსახლებას ადგილობრივი თვითმმართველობა კანონის ძალით შეეცდება. შენობის მესაკუთრე ქალაქის მერიაა, რომელმაც ობიექტი „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ უზურფრუქტის წესით 2014 წლის 4 ივნისს გადასცა. სააგენტოს შენობაში საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. ქალაქის პირველი პირის თქმით, მერიის იურისტი აქ მცხოვრები ოჯახების შესახებ ინფორმაციასა და საჭირო დოკუმენტაციას აგროვებს, რის შემდეგაც ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართავენ.
შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტომ“. ადვოკატის განმარტებით, მართლმსაჯულების ორგანომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, რადგან არ ჩანდა მესაკუთრის, ანუ ახალციხის მერიის პოზიცია. ეკატერინე აბაშიძის თქმით, განხილვის დაწყების შემდეგ სააგენტო პროცესში სავარაუდოდ, მესამე პირად ჩაერთვება.
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა სექტემბრის თვეში დაიკავა. ამ დროისათვის აქ ხუთი ოჯახი ცხოვრობს. ამბობენ, რომ გაუსაძლისი პირობების გამო, ტერიტორია დანარჩენებმა დროებით დატოვეს. მათივე თქმით, არ აქვთ საცხოვრებელი ფართი. თავშესაფრის მოთხოვნით, ადგილობრივ თვითმმართველობას, პრემიერ–მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყველა ინსტანციიდან უარი მიიღეს. ამიტომ იძულებულნი გახდნენ შენობა უკანონოდ დაეკავებინათ.
უკანონოდ შესახლებულთა უფლებების დაცვას აპირებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი. დავით ფეიქრიშვილის თქმით, მათ წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ თითოეული მათგანის უფლებებს კანონი დაიცავს.
პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე შენობაში უკანონოდ შეჭრილები გამოსახლების შემთხვევაში ალტერნატიულ ფართს ითხოვენ. მერიაში კი განმარტავენ, რომ ამ კატეგორიის ოჯახებისთვის თავშესაფრის გადაცემის შესაძლებლობა ქალაქის თვითმმართველობას არ აქვს.