ვეტერინარებმა დაჭრილი შველი ვერ გადაარჩინეს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნაპოვნი დაჭრილი შველის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარემოს დაცვის სამინისტრს ინფორმაციით, ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს გუშინ, 4 თებერვალს მიაკვლიეს.
თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა. რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარებმა სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.