9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს.
ანტისაბჭოთა ორგანიზაციები თუ მოძრაობები თბილისში გაფიცვებს 1988 წელსაც აწყობდნენ, თუმცა ისინი მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 1989 წლის 18 მარტს ეგრეთწოდებული "ლიხნის ასამბლეის" ჩატარების შემდეგ, რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოდან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა, ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა მასშტაბური მიტინგების მოწყობა დაიწყეს.
საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა. მომიტინგეებმა, აქციები აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით დაიწყეს. საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი მალე დაკარგა და საპროტესტო ტალღას ვეღარ აცხრობდა . 9 აპრილს კი გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სისხლიანი დარბევის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის სკოლის სამი მოსწავლე იყო. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.