ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს
ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიაზე 50-მდე რუსი ბაიკერი არ შემოუშვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მოტიციკლისტი დიმიტრი ხრიპკოვი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
"დიახ, მოვიდა შეტყობინება სასაზღვრო სამსახურიდან, რომ მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას დაბრუნდით ვლადიკავკაზში,"-წერს ხრიპკოვი.
“არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში” – ამ მოთხოვნით საზოგადოების წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ. თემაზე მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვაც ვებ გვერდზე manifest.ge.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. ე.წ. “ღამის მგლებს” საზღვრის გადაკვეთა ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდათ.
ე.წ. “ღამის მგლებს” საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, პერფორმანსის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"