9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.
შრომის კოდექსით ეს დღე უქმეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის იაპონია-ჩინეთის ომით, 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით დასრულდა, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებდნენ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზედაც კი (ოპერაცია ტაბარინი).
მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით. ამან ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო ფაშისტური გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში "საარსებო გარემოს" მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდა კავშირი იტალიასა და იაპონიასთან; ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე. წ. "ებრაულ მსოფლიო შეთქმულების" წინააღმდეგ; ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში "საარსებო გარემოს" მოპოვებისთვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება.
გერმანიის საბოლოო მიზანი მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება იყო. "გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება", - წერდა ჰიტლერი თავის წიგნში "ჩემი ბრძოლა".
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ 1939 წლის 1-ელ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო. ომის პირველი გასროლა გერმანულმა სასწავლო გემმა "შლეზვიგ-ჰოლშტაინმა" მოახდინა.
მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 წელს გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო, დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ - 27 მლნ., გერმანია - 5,25 მლნ., პოლონეთი - 4,5-6 მლნ., იუგოსლავია - 1,7 მლნ., იაპონია- 1,8 მლნ., აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.