ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში, ეკლესიის გალავნის მშენებლობა მიმდინარეობს.
მშენებლობის პროცესში საფლავი გამოჩნდა, სადაც სავარაუდოდ 1918 წელს თურქების მიერ დახოცილი ადგილობრივების ცხედრები ერთადაა დაფლული.
აწყვიტელები ფიქრობენ, რომ მათი წინაპრების ძვლებს მშენებლები უდიერად ეპყრობიან.
ტაძრის ეზოში ძვლები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ტრაქტორმა მიწა მოასწორა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის განმარტებით, სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო ახორციელებს. ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, გალავნის მშენებლობა ვერ შეჩერდება, რადგან შინაური პირუტყვი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას აბინძურებს.
მე–7–მე–11 საუკუნეების აწყვიტის მაცხოვრის სახელობის ტაძარი მოქმედია. ეკლესიის წინამძღვარი მამა აკაკი რევიშვილია. მისი თქმით, აღმოჩენილი სასაფლაოს შესახებ ინფორმირებულია ეპარქიის მმართველი, რომლის გადაწყვეტილებითაც, ადამიანების ძვლები ერთად გროვდება, გალავნის მშენებლობის დასრულების შემედეგ ძვლებს ლუსკუმაში მოათავსებენ, სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაუხდიან და მართლმადიდებლური წესით ისევ ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
ფოტოები "მეცხრე არხს" ადგილობრივმა თამთა ივანიძემ მიაწოდა.