საჯარო მოხელეთა რანგირების განსაზღვრის მიზნით, ახალციხეში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
ახალციხის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საჯარო მოხელის თანამდებობის ფუნქციების დადგენასა და თანამშრომელთა რანგირების განსაზღვრაზე იმუშავებს.
საკითხის დადებითად გადაწყვეტას დეპუტატებმა კენჭი საკრებულოს სხდომაზე უყარეს. სამუშაო ჯგუფის შექმნა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1–ლი ივლისიდან ამოქმედების გამო გახდა საჭირო. კანონმდებლობის მიხედვით, საშტატო ნუსხაში რანგირების თაობაზე ცვლილება უნდა შევიდეს, ამასთან დაკავშირებით საჭირო საკითხებზე სწორედ სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. რანგირების საკითხს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო კენჭს მომავალ კვირაში უყრის.
დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეექვსე სხდომაზეც სულ ოთხი საკითხი განიხილეს.
დეპუტატები დაეთანხმნენ სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლას მიენიჭოს სარქის გოგორიანის სახელი, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მდებარე სკვერს მარატ ნოზაძის სახელი.
საკრებულოს წევრებმა ასევე დაამტკიცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა.