ხანძარი თისელში – ოთხსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში მახათაძეების ორსართულიანი სახლი დაიწვა. ცეცხლის ჩასაქრობად სამი სახანძრო და
ერთი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი დაახლოებით 15:30 საათზე გაჩნდა. დაზარალებულებმა ალმოდებული სახლიდან მხოლოდ ავეჯის მცირე ნაწილის გადარჩენა შეძლეს. სოფელში ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროენერგიის სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.
,,მეორე სართული ხისგან იყო აგებული, ცეცხლი ფარდებზე ადვილად გადავიდა და ორსართულიანი სახლი 40 წუთში დაიფერფლა, მარტო კედლები–ღა დარჩა. სოფელში ცარიელი სახლია. იქნებ მოხერხდეს ამ ოჯახის ქირით გაყვანა, თანხას პირველ ეტაპზე ალბათ ხელისუფლება გადაიხდის. ოჯახი ორშაბათს მერიას განცხადებით მიმართავს და იქნებ დაჩქარებული ტემპით მოხდეს მათთვის დახმარების გაწევა. გასაგებია, რომ ზამთარია და საცხოვრებლის აღდგენა მოკლე დროში ვერ მოხერხდება" – განმარტავს ადგილობრივი გელა ღამბაშიძე.
გამგებლის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დახმარებას მხოლოდ მას შემდეგ გაუწევს, რაც ვითარების შესწავლა მოხდება.
,,სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანებული ფართისა და დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას სწავლობს. განცხადების დაწერის შემდეგ, ხდება საკითხის განხილვა. სამუშაო ჯგუფს ინფორმაციას აქტის სახით სახანძრო სამსახურიც გვაწვდის და გადაწყვეტილების მიღება და საკითხზე რეაგირება მხოლოდ ამის შემდეგ ხდება".
დაზარალებული ოჯახი ამ დროისთვის მეზობელთან აფარებს თავს.