სამართალი
ახალციხეში სამარშუტო ტაქსის მძღოლს სცემეს
ქალაქ ახალციხეში, იუსტიციის სახლისა და პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუა ხნის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა 17 ივლისს, საღამოს, დაშავებულის სახლთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, გ.ც.-ს რამდენიმე მამაკაცი სახლთან ელოდებოდა.
"როგორც ჩანს, იცოდნენ როდის მოვიდოდა. "მარშუტკიდან" გადმოვიდა თუ არა, მისცვივდნენ და ცემა დაუწყეს. ძალიან სცემეს, სისხლიანი იყო აქაურობა. კაცს სახე არ უჩანდა", - გვითხრეს შემთხვევის ადგილზე.
ინციდენტის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველთა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შუა ხნის მამაკაცი ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანეს. კლინიკური მენეჯერის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"დაშავებული სტაციონარულ მკურნალობაზე ჩვენთან რჩება. საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს თავზე, ასევე ტვინის შერყევა. თავის არეში აქვს დახურული ტრავმები, გემატომები სახის, თვალბუდის არეებში", - გვითხრა მზია კაკოშვილმა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
Տարածեք :