ახალციხის შემოსასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
სხდომა დღეს, 31 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ა.რ.–ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–6 ნაწილით წარედგინა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, ნასვამ მდგომარეობაში გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის შემოსასვლელში
28 მარტს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და ერთი ტრაილერი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, შუახნის ქალი გარდაიცვალა, სამმა მგზავრმა კი დაზიანება მიიღო.