მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, დაბა ასპინძაში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11–108–ე, ოჯახში ჩადენილი დანაშაულისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით წარედგინა. ბრალდებული საქმის განხილვის დასრულებამდე, საპატიმროში იქნება გადაყვანილი.
სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა პროკურორმა სასამართლოს 10 აპრილს მიმართა. საგამოძიებო ორგანომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
მამუკა ქომოშვილმა მოსამართლეს იმის გათვალისწინება სთხოვა, რომ ბრალდებული რამდენჯერმეა ნასამართლევი. ეჭვიანობის გამო, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით, ამ დრომდე პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული.
ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება შესთავაზა, თუმცა მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შემთხვევა დაბა ასპინძაში 9 აპრილს მოხდა. ქმარმა მეუღლეს, ეჭვიანობის ნიადაგზე მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, მკვლელობის შემდეგ, იმ მამაკაცის ნახვა გადაწყვიტა, ვისზეც ეჭვიანობდა. სახლში მამა დახვდა, რომელსაც ბლაგვი საგნით, თავსა და ლავიწზე, დაზიანებები მიაყენა.