ახალციხეში, ტანსაცმლის გამყიდველს ხელჩანთა მოპარეს
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე, მაღაზიაში ტანსაცმლის გამყიდველი გაქურდეს.
წაღებულია მისი ხელჩანთა. დაზარალებულის თქმით, დილის საათებში, მაღაზია რამდენიმე წუთით დატოვა, უკან დაბრუნებულს კი ჩანთა აღარ დახვდა. მისივე თქმით, ხელჩანთაში 200 ლარამდე ედო.
მაღაზიის მეზობლად სწრაფი სესხის ფილიალი მდებარეობს, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. მისი თქმით, პოლიციას შეუძლია ეს ჩანაწერები შეამოწმოს.
შემთხვევა 15 მაისს მოხდა. დაზარალებული ქალი ამბობს, რომ ქურდობის შესახებ სამართალდამცველებს მაშინვე შეატყობინა.
შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ ამ ფაქტის შესახებ მათთან განცხადება არ შესულა და გამოძიება "მეცხრე არხის" მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ, რის შემდეგაც დაზარალებულმა განცხადება დაწერა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.