ოთხი თვის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში 337 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა
2017 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე, სამცხე–ჯავახეთში 337 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
"მეცხრე არხის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რეგიონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დარღვევებზე, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზისა თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან სხეულის მსუბუქი დაზიანება, შედგენილია 302 საჯარიმო ქვითარი.
ამავე პერიოდში, დაფიქსირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 35 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის დროს გარდაიცვალა – 2 და დაშავდა 69 პირი.
შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს 21 ქვეითი დაშავდა, აქედან 16 არასრულწლოვანია. სამინისტროს ცნობით, ქვეითების გარდაცვალების შემთხვევები ამ პერიოდში არ ფიქსირდება.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო ძირითად მიზეზს მანევრირების წესების დარღვევა წარმოადგენს.