ილია მეორემ მრევლს ახალი პრაქტიკა შესთავაზა
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა სამწყსოს ახალი პრაქტიკა შესთავაზა. საკვირაო ქადაგების შემდეგ ილია მეორემ აღნიშნა, რომ
ყოველი წირვის ბოლოს ბიბლიიდან თითო თავი წაიკითხება. მან ასევე ლოცვა–კურთხევა მისცა მრევლს, რომ ყოველდღე წაიკითხოს თითო თავი ,,სიბრძნე სოლომონისა” ან ,,ეკლესიასტესი”.
ილია მეორემ მარიხუანას ლეგალიზების შესახებაც იქადაგა.
,,ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ადამიანს უძნელდება გაარჩიოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი; სად არის თეთრი, სად არის შავი; მაგრამ თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია შიში ღვთისა, იგი გაარჩევს ბოროტს და კეთილს.
ბოლოდროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკისადმი მოთხოვნილება ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკს და ვეღარ იკავებს თავს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა, ეს არის მტრობა ჩვენი ერისა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა, თვითონაც არ არიან ამის თანახმანი. მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებულნი გახდნენ მიეღოთ ეს დადგენილება.
არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ნარკოტიკებს თუ დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა ნარკოტიკებით, უნდა დავუშვათ მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს ჩამოსვლას ახალგაზრდებისა მეზობელი ქვეყნებიდან. მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მე მოგმართავთ ყველას, უპირველესყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას: გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს!
უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა ეს უკვე დასაწყისია დაცემისა.
მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე. დღეს ამიტომ ვთხოვე მეუფეს, წაეკითხა ,,ეკლესიასტეს” სიბრძნე და თქვენც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში ერთი თავი წაიკითხოთ ,,სიბრძნე სოლომონისა” და ,,ეკლესიასტესი”, რათა მოგვეცეს ღვთის შიში და სიბრძნე" – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.