არალში, საშობაო ღონისძიება აღარ გაიმართება
ქვეყანაში შექმნილი მდგმარეობის გამო, საშობაო ღონისძიება არ გაიმართება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,არალი" წერს. საშობაო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის განმარტებით, მათ არ სურთ ამ გადაწყვეტილებით ადამიანებს შორის დაპირისპირების გამოწვევა.
,,ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ არალი საქართველოში ერთადერთი სოფელია, სადაც 80% კათოლიკე ცხოვრობს. შესაბამისად, უკვე მესამე წელია, სოფელში ტრადიციაა, რომ შობის დღესასწაული, 25 დეკემბერი დიდი ღონისძიებით აღინიშნება. მასში მონაწილეობას იღებენ სოფლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები.
გასული წლის მსგავსად, წელსაც ღონისძიებისთვის მზადება არლის კათოლიკური სამრევლოს საორგანიზაციო ჯგუფმა ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში, იმედი გვქონდა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დასტაბილურდებოდა და საშუალება გვექნებოდა შობის ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებული დღესასწაული განსაკუთრებულადვე აღგვენიშნა...
შობა უკვე მოახლოვდა, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ გვაძლევს უფლებას, მასშტაბური ღონისძიება გავმართოთ და ვიმხიარულოთ...
შობა იმედისა და ნათლის დღესასწაულია და ჩვენს გულში ყრმა იესო აუცილებლად დაიბადება... შობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიც ხომ სწორედ სულიერი მდგომარეობაა... ის მოგვიტანს იმედს, რომ მომავალ წელს ნათელ, მშვიდობიან ქვეყანაში ისევ მთელი სოფელი ერთად აღვნიშნავთ დღესასწაულს!
ამას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ მადლობა მივიღოთ ან ვინმესგან ლანძღვა. ასევე, არ გვინდა პოსტმა ადამიანებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს..." - წერია საშობაო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.