13 თებერვლიდან მართლმადიდებლებისთვის “ხორციელის კვირა” იწყება
მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვლიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს.
დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება, რომელიც 13 თებერვლიდან დაიწყება. უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.
წმ. სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა და შემდეგ ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა. ამჯობინა, სახლში, მამასთან დაბრუნებულიყო და მისთვის ყველაფერზე პატიება ეთხოვა. დაკარგული შვილის შინდაბრუნებით გახარებულმა მამამ ლხინი გამართა. მან მსახურებს უბრძანა, მიერთმიათ მისი ვაჟისთვის "სამოსელი პირველი" და ზვარაკები დაეკლათ.
უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად "ხორციელის კვირასაც" უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი მარხვის დღეები იქნება. ხორციელის შაბათს 18 თებერვალს, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.
ხორციელის კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.