27 თებერვლიდან მართლმადიდებლებისთვის დიდმარხვა იწყება
27 თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ერთ-ერთი და ყველაზე ხანგრძლივი მარხვა იწყება.
მრევლი 40 დღის განმავლობაში ლოცვითა და მარხვით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისთვის ემზადება.
მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ აღევლინება. სრულდება მხოლოდ საეკლესიო წესის მიერ დადგენილი სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთხება ხორბალი.
დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები არ იღებენ ხორცსა და რძის ნაწარმს. თევზით ხსნილი კი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. პირველ და ბოლო კვირას მორწმუნეები სურვილის, შესაძლებლობისა და მოძღვრის კურთხევის მიხედვით, მძიმე მარხვას ინახავენ, რა დროსაც ზეთიანი საკვების მიღებაც იკრძალება.
დღეს, 26 თებერვალს, ყველიერის შვიდეული მიტევების – შენდობის დღით სრულდება. ამ დღეს ყველა მორწმუნე ცდილობს, საკუთარი ცოდვებზე დაფიქრდეს და მიტევება ითხოვოს.
დიდმარხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება, რომელსაც მართლმადიდებელი მრევლი წელს 16 აპრილს აღნიშნავს.