საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის სადღესასწაულო წირვა ქაშუეთი საკათედრო ტაძარში აღავლინა. უწმინდესმა და უნეტარესმა წირვის დაწყებამდე თანამოსაყდრედ დაასახელა.
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
გარდა ამისა, დაკრძალვის შემდეგ არჩევის შემთხვევაში, მას ექნება უპირატესობა ერთი ხმით, რადგან მოქმედმა პატრიარქმა იგი სიცოცხლეშივე დაასახელა თანამოსაყდრედ.
ამ თანამდებობამდე მეუფე შიო იყო სრულიად საქართველოს ქორეპისკოპოსი სამ ქორეპისკოპოსს შორის და მართავდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას. მიტროპოლიტ შიოს სასულიერო განათლება რუსეთში აქვს მიღებული.
მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში, დაიბადა.
თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე).
1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად.
1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 2003 წლის 6 სექტემბერს იღუმენმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში თავის გამოსვლაში აღნიშნა:
"მღვდელმთავარი, რომელიც შეიქმნება ღირსი ასეთი დიდებული მსახურებისა, მხოლოდ წმიდა კი არა, ფრიად კეთილგონიერი და ბევრ რამეში გამოცდილი უნდა იყოს. ერისკაცზე ნაკლებად როდი უნდა იცოდეს საერო ამბები, ამასთან, მთაში მცხოვრებ მონაზონზე უფრო მეტად უნდა იყოს თავისუფალი ყველაფრისაგან და რადგანაც საეკლესიოსთან ერთად საზოგადო საქმეებსაც განაგებს, ამდენად მრავალმხრივი კაციც უნდა იყოს", – ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.
7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. წირვის ბოლოს უწმიდესმა და უნეტარესმა სიტყვით მიმართა მეუფე შიოს:
"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე შიო, ეპისკოპოსო სენაკისა და ჩხოროწყუსა, დღეს აღსრულდა ნება ღვთისა, – შესრულდა წმიდა სინოდის განჩინება. ჩემი აზრით, ეს განჩინება რუის-ურბნისის კრებაზე მიღებულ დოკუმენტს არ ჩამოუვარდება.
მოგეხსენებათ, ურბნისის ტაძარში, წმიდა სინოდის ისტორიულ კრებაზე, ხუთი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატი დასახელდა. დღეს შესრულდა მეხუთე ეპისკოპოსის – სენაკისა და ჩხოროწყუს მღვდელმთავრის კურთხევა. მეუფე შიო, ეს არის დიდი მადლი და წყალობა ღვთისა, როდესაც უფალი ადამიანს დიდ მადლს ანიჭებს, მასში თავმდაბლობა და მორჩილება უნდა გამრავლდეს. თუკი ეს არ მოხდა, მაშინ ღვთის მადლი, ადამიანის ამპარტავნებისა გამო, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს და შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს კიდეც.
ერთადერთი გზა გადარჩენისა, – ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რწმენა, სიყვარული და მორჩილება; ეს არის უფლის მიერ დასახული გზა. სწორედ ამ გზით უნდა იარო, მეუფეო, დღეიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მხოლოდ იგი მიგიყვანს სასუფეველში. არ არის შემთხვევითი, შენ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსად რომ გაკურთხეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თვითონ ქალაქის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ.
ეს იყო სენაკი მრავალი სასულიერო პირისა. თუნდაც, გავიხსენოთ ბოლო პერიოდის დიდი მოღვაწენი, რომელთაც მთელი საქართველო ასახელეს. დღეს მათ წმიდა სახელებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იცნობს. სენაკში მოღვაწეობდნენ წმიდა მამა ალექსი შუშანია, მონაზვნები – ფავსტო და ეფსიმე, მამა კონსტანტინე ქვარაია, ჩემი დიდი მოძღვარი – მამა შიო ძიძავა და მრავალი სხვა. ასე რომ, მეუფე შიო, შენ მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მიდიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ეპარქიაში არსებული მადლი კიდევ უფრო გაამრავლო და გააძლიერო".
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.