ჯანდაცვა
ათობით პროექტი დაპაუზდა, აშშ-ს გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება! - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია.
საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ამჟამად არსებულ დინამიკაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ახლა ხდება „კარგი არ არის“.
„რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ხდება, სამწუხაროდ, არ არის კარგი. არ წაადგება და ადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ვისურვებდი, ამ ურთიერთობებში ხინჯი არ შესულიყო. გიდასტურებთ, რომ შეჩერდა CDC-ს პროექტები, ათობით პროექტი იყო, რაც დაპაუზდა. სხვა პარტნიორებთან, როგორიც არის საფრთხის შემცირების სააგენტოს პროექტები გრძელდება, მას შორის აშშ-ს კერძო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტები.
ის, რომ ათობით პროექტი დაპაუზდა, კარგი არ არის. ეს ყველაფერი პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სწრაფად იყოს აღდგენილი. სახელმწიფო შედარებით ძლიერია, ვიდრე 90-იან წლებში ვიყავით. 2 მილიონი სერიოზული ციფრია, მაგრამ ურთიერთობები ფულში არ გამოიხატებოდა. ისინი აღგვიქვამდნენ სტრატეგიულ პარტნიორებად, ამიტომ განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩემს ყოფილ თანამშრომლებს აღარ ეძლევათ კონფერენციებზე სიარულის და ტრენინგებზე დასწრების საშუალება. ამის შენელებას ვანიჭებ მნიშვნელობას, ვიდრე თანხობრივ ნაწილს. სახელმწიფოს შეუძლია კომპენსირებით ამის გაკეთება და როგორც ვიცი, ნაწილს აკეთებს"- განაცხადა ამირან გტამყრელიძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ აშშ-სთან ურთიერთობები სწრაფად აღდგება და დაპაუზებული პროექტებიც მუშაობას გააგრძელებს.
Տարածեք :