ჯანდაცვა
წითელას მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - ივანე ჩხაიძე
რეგიონების მიხედვით, წითელას მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - აცხადებს ივანე ჩხაიძე. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში, მიმდინარე წელს, პირველი ოთხი თვის მონაცემებით, „წითელას“ 142 შემთხვევა არის დაფიქსირებული. როგორც ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, შემთხვევების განსაკუთრებული მატება სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში ფიქსირდება.
“საქართველოში მატების დინამიკა არის, თუმცა არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში. 2022 წელს „წითელას“ 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში „წითელას“ 142 შემთხვევა არის ქვეყანაში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „წითელას“ შემთხვევების მატება აღინიშნება და ასევე, ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევებიც.
თუ საქართველოს რეგიონებს გადავხედავთ, მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. შემთხვევების განსაკუთრებული მატება სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში ფიქსირდება. გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა 2022 წელს, ისიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან“,- განაცხადა ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, ბავშვი, რომელიც მაშინ „წითელათი“ გარდაიცვალა, აცრილი არ იყო და არც რაიმე თანმდევი სერიოზული პათოლოგიური დაავადება ჰქონდა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
“წინა წელთან შედარებით, მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კუთხით, ნამდვილად “აფეთქებაა” “წითელას“ შემთხვევების მატების თვალსაზრისთ. ამ ბავშვების მართვა ხორციელდება ინფექციური პათოლოგიის ცენტრში იმიტომ, რომ „წითელა“ წარმოადგენს გადამდებ დაავადებათა შორის ნომერ პირველ დაავადებას.
ერთი ბავშვი, რომელიც „წითელათი“ არის ავად, შესაძლოა 16-დან 18 ბავშვს აინფიცირებდეს. გადადების რისკი არის ძალიან მაღალი. ყველაზე გადამდები დაავადება, რაც ბავშვებში არის, ახლა არის “წითელა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
შეიძლება, დაგაინტერესოთ: წითელა ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავადებაა
Տարածեք :