ცესკომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება.
ამისთვის საჭიროა მსურველებმა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
რეგისტრაციისთვის უნდა შეივსოს ელექტრონული განაცხადის გრაფები - პირადი ნომერი და გვარი. ამის შემდეგ ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი. სასურველია მოხდეს საკონტაქტო ინფორმაციის ველის შევსებაც - ტელეფონი და ელ-ფოსტა.
გამოცდის ჩაბარების მსურველს რეგისტრაციისას ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.
შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 12 ივნისს 24:00 საათზე, დასრულდება.
სასერტიფიკაციო გამოცდები 20 ივნისს დაიწყება. პროცესს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.
ცესკოს ინფორმაციით, სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.