ასპინძაში, ქართული ოცნების რაიონულ ოფისში, დღეს, გამგეობისა და მასზე დაქვემდებარებული ააიპ–ებისა და შპს–ების სამსახურის თანამშრომლები დაიბარეს.
ასპინძის მაცხოვრებელთა ნაწილი აცხადებს, რომ დაბარების მიზეზი მხოლოდ ერთია – მათ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად უნდა იმუშაონ.
დღესვე ასპინძაში იმყოფებოდა "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი, დიტო სამხარაძე, რომელმაც ,,მეცხრე არხს" განუცხადა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და აქტივისტებს შეხვდა და ასპინძაში მორიგი შეხვედრა ჩატარდა. მსგავსი ტიპის შეხვედრები კი რეგიონებში ხშირად იმართება.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი და ამავე დროს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი ლევან ცაბაძე დღევანდელ შეხვედრას ამომრჩევლების მისამართით განხორციელებულ ზეწოლად და დაშინებად აფასებს.
,,მე ქართული ოცნების" პარტიის წევრი ვარ 2012 წლიდან და დღემდე პარტიის წევრად ვრჩები, თუმცა არც კანდიდატურის მოხსნას ვაპირებ. მქონდა ინფორმაცია, რომ ასპინძაში უნდა ჩამოსულიყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. შეხვედრაზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ უნდა გვესაუბრა, თუმცა მის ნაცვლად შეხვედრა დიმიტრი სამხარაძემ გამართა, რომელსაც ასევე დიდი ხანია ვიცნობ, თუმცა მე ამ შეხვედრაზე, როგორც პარტიის წევრი, არავის მივუწვევივარ".
შეხვედრა საჯარო მოხელეებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.
,,მეცხრე არხი"–ს გადამღები ჯგუფი მუშაობს ასპინძაში და დეტალებს დღის მთავარ გამოშვებაში მოგაწვდით.