ზრდასრულთა განათლების ფესტივალი ახალციხეში
ახალციხის ზრდასრულთა ცენტრში, ზრდასრულთა განათლების ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი DVV საერთაშორისოს მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანიც ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაცია და ცენტრის საქმიანობის გაცნობა იყო.
ახალციხე საქართველოს იმ ხუთ ქალაქს შორისაა, რომელიც მონაწილეობდა კონკურსში, რომ გამხდარიყო იუნესკოს განათლების ქალაქების ქსელის წევრი. ქსელი მსოფლიოს ასობით ქალაქს აერთიანებს, რომელსაც შეუძლია ისწავლოს და სხვასაც გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება.
"ახალციხეც გახლდათ ერთ-ერთი პრეტენდენტი. სწორედ ამიტომ, DVV საერთაშორისო, რომელიც მხარს უჭერდა ქართული ქალაქების მონაწილეობას აღნიშნულ კონკურსში და ამავე დროს არის ზრდასრულთა განათლების ცენტრების დამფუძნებელი და მხარდამჭერი საქართველოში ორგანიზება გაუკეთა აღნიშნულ ფესტივალს ახალციხეში. ამ ღონისძიებით გვსურს პოპულარიზაცია გავუწიოთ ზრდასრულთა განათლების შესაძლებლობებს, სწავლა გვიან არასდროს არაა“ - გვითხრა ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორმა თამუნა კაპანაძემ.
ფესტივალში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლეჯ „ოპიზარის“ წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც ზრდასრულთა განათლების მიმართულებით მუშაობდნენ. ფესტივალზე, სემინარისა და მასტერკლასების პარალელურად, მოეწყო პოსტერების გამოფენა, რომელიც კონკურსის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ ფარგლებში მიმდინარეობდა. გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული პოსტერიც.
„ასეთი ღონისძიებების გამართვა მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება, იყვნენ რეალიზებულები. იყო ძალიან კარგი მასტერკლასები ხელოვნების მიმართულებით, კარგი გარემოა და საინტერესო ფესტივალი შედგა“ - გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა თამარ ხალაძემ.
ზრდასრულთა განათლების ფესტივალი მომავალში ქალაქ კასპშიც გაიმართება.