განათლება
სხდომები შაბლონურია, სასწავლო გეგმა არ შეესაბამება სტანდარტს - რესურსსკოლების მონიტორინგის ანგარიში
სახალხო დამცველის რესურსსკლების მონიტორინგის 2024 წლის ანგარიშში წერია, რომ უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეთა იდივიდუალური სასწავლო გეგმების წარმოება არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. გეგმები არ არის სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი. გუნდის შეხვედრები არ ტარდება საჭირო პერიოდულობით, რაც აზიანებს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს, ჯგუფის სხდომის ოქმები შაბლონურია.
შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ჯგუფის შეხვედრებში ნაკლებია მშობელთა ჩართულობა, არ ჩანს მოსწავლესთან მუშაობის დინამიკა და არსებული საჭიროებები/სირთულეები.
სკოლების გარკვეულ ნაწილში ინდივიდუალური სასწავლო გეგმები კვლავ მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით და ძველ ფორმებში იწარმოება. განხორციელებული აქტივობები არ არის მრავალფეროვანი და მულტიმოდალურ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავებული.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა. არ არსებობს ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე შშმ პირთა წვდომის სტანდარტი. გამოწვევებს შორისაა განათლების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები, ძალადობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, მართლმსაჯულებაზე წვდომა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა და ხარისხი“,- ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Տարածեք :