ვარძიაში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ-ნახევარ ლარამდე დაიხარჯება
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადდა.
პროექტის განხორციელება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, დაახლოებით, 1 500 000 ლარი დაუჯდება.
პროექტის მიხედვით, ვარძიის კომპლექსის ძირში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი მოეწყობა, სადაც საგამოფენო სივრცე, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი და დამხმარე ოთახები განთავსდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს არსებული საპირფარეშოების რეაბილიტაციასაც. იგეგმება პარკინგის გაფართოება, დამონტაჟდება გარე განათება, დაიდგმება საპარკე სკამები და ნაგვის ურნები. ვაზის იშვიათი ჯიშების მოსაყვანად, რეგიონისთვის დამახასიათებელი ტერასები მოეწყობა. ასევე დაგეგმილია მტკვარზე გადასასვლელი ხიდიდან, სოფელ მირაშხნის მიმართულებით, გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
პროექტი ერთწლიანია და სავარაუდოდ 2018 წლის მაისის თვეში დასრულდება.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში იგეგმება.