მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები და დანიშნულია ექსპერტიზები.
„ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და ძველი თბილისის რაიონის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსებული 35 ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რომელთა დიდი ნაწილიც გადაუდებელი წესით და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია.
თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ მოპოვებულ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, ვიდეოს ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩანაწერებში ასახული პიროვნებების იდენტიფიცირების, მათი აღნაგობის, სიმაღლის, სიარულის მანერის და სხეულის სხვა თავისებურებების დასადგენად, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გამოიკითხა აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი, რომელმაც დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირთა თაობაზე გამოძიებას სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ ისურვა წყაროს დასახელება. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ოთხი პირის: გ.ლ.-ს, ლ.თ.-ს, გ.კ.-ს და ზ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები. მოხდა დასახელებული პირების და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ დათვალიერდა ამოღებული მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები, რის შემდეგაც მათ მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპლექსური ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზაც.
საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.