ფაშინიანი სომხეთის ახალი კონსტიტუციის მიღების საჭიროებაზე საუბრობს
სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივას, რეფენრედუმის გზით ახალი კონსტიტუცია მიიღონ, რომელიც “რეალური სომხეთის” იდეოლოგიას გაამყარებს, უკვე მოჰყვა კრიტიკა სომხურ საზოგადოებაში.
აზერბაიჯანი “სამშვიდობო ხელშეკრულების” პირობად ითხოვს სომხეთისგან, მისი კონსტუციიდან ამოღებული იყოს მთიანი ყარაბაღის ცნება.
“სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა, რადგან ის შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და სანამ ეს არ მოხდება, სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი. ეს ნათელია”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ.
ფაშინიანის განმარტებით, რეალური სომხეთის იდეოლოგიის კონსტიტუციით გამყარების სტრატეგიული მიზანია “სახელმწიფოებრიობას მოკლებული ერის ნარჩენი ფუნქციონირებიდან სახელმწიფოს შემქმნელი ერის მოდელის ფუნქციონირებაზე გადასვლა“.
პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ სჯობდა, ფაშინიანს მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ ეთქვა, რომ ომიდან 4,5 წლის შემდეგ ქვეყანაში არცერთი რეალური რეფორმა არ ჩატარებულა, დღეს კი აზერბაიჯანის მოთხოვნით იძულებული ვართ კონსტიტუცია შევცვალოთ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, სუსტები ვართ. ვერ მოგვცემს გარანტიას, რომ ამით დასრულდება ყველაფერი, მაგრამ სხვა შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი რისკების წინაშე ვდგავართ”.
ექსპერტები სომხეთში ფაშინიანის ინიციატივას აღიქვამენ თურქეთისა და აზერბაიჯანის მორიგი მოთხოვნის შესრულებად, რასაც, მათი აზრით, პერიოდულად მოჰყვება სხვადასხვა დათმობაზე წასვლა და მოთხოვნების შესრულება, რაც სომხეთის დამოუკიდებლობისთვის ძირგამომთხრელი იქნება.
მათივე აზრით, ხალხი არ მიიღებს ამ ცვლილებებს და ფაშინიანს ეს კარგად ესმის, თუმცა, რატომ ახმიანებს ინიციატივას, მათთვის უცნობია.