,,ბორჯომში, ხანძრის დროს, ხე–ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი დაფიქსირდა"
გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითგანცხადებას ავრცელებს:
"მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი. მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689,9 მ3 შეადგინა".
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი - 124 ფაქტი. ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 საახერხი დანადგარი.
მხოლოდ აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამ პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 208 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, 198 - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 10 - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მხოლოდ აგვისტოს თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 20 საახერხი დანადგარი," - ნათქვამია განცხადებაში.