მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში აწყურის გუნდმა მოიპოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობისათვის გამართულ ფეხბურთის ტურნირში აწყურის გუნდმა გაიმარჯვა.
ჩემპიონატი აგარის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ფინალში ერთმანეთს აწყურისა და მუგარეთის გუნდები შეხვდნენ. მატჩი ანგარიშით 2:1 აწყურის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.
ფინალში გასულ გუნდებს სიგელები და ფეხბურთის ბურთები გადაეცათ, ხოლო თითოეული სპორტსმენი მედლით დაჯილდოვდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ I ადგილზე გასული გუნდი 300 ლარით დაასაჩუქრა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ მუგარეთის გუნდს 200 ლარი გადასცა.
გამარჯვებული სპორტსმენები ახლა უკვე რეგიონის პირველობისათვის იბრძოლებენ, რომელსაც საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ჩაატარებს.
მუნიციპალიტეტის პირველობისათვის გამართულ ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობას სოფლების- ურავლის, პატარა პამაჯის, წყრუთის, მუგარეთის, აწყურის, წნისის, ვალის, საძელის და აგარის გუნდები იღებდნენ.